ანა იაკობაძე

თამაში გრძელდება და ნელ-ნელა ყველას უფროდაუფრო გვითრევს თავისი აზარტულობის მორევში. თითოეული რაუნდი წინაზე უფრო საინეტერესო და რთულია ასე, რომ დიდი ემოციებით ველოდებით ხოლმე ყოველი შემდეგი დავალების დადებას და იმაზე ფიქრი არ გვასვენებს თუ როგორი შეიძლება იყოს შემდეგი  კითხვა თუ ეპიზოდი. დავალების დადებისთანავე ვნახულობთ მას და ვიწყებთ მასზე მსჯელობას, რომელიც ძალიან საინტერესო და ზოგჯერ ხანგრძლივი პროცესია. დავალებების შესრულებაში ძალიან გვეხმარება წიგნი „კიბერდანაშაული“, რომელიც ჩვენი გუნდის ყველა წევრმა თამაშის დაწყებამდე კარგად განიხილა და რომლითაც ხშირად ვხელმძღვანელობთ. ძალიან აზარტული და სასიამოვნოა ის მომენტი, როდესაც კითხვაში უკვე განხილულ და ნაცნობ თემებს ვხედავთ  და სწორი პასუხის გამოცნობას და მისთვის მიგნებას ერთი ამბით აღვნიშნავთ ხოლმე. რაც მთავარია, ეს კითხვები ასეთ მოსაწყენ დროს გასართობის გარდა ძალიან დიდ ინფორმაციას გვაძლევს და არც დაგვიგეგმავს ისე დაგვიგროვდა ცოდნა ჩვენი დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემის შესახებ. ძირითადი დავალებების გარდა ვესწრებით ვებინარებს და აქტიურად ვმუშაობთ ბონუს დავალებებზეც. ყველას მიგვაჩნია, რომ ვებინარები მთლიანი თამაშის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან დიდი ინფორმაციის მიღების და ამ საქმეში კომპეტენტურ ადამიანებთან შეხვედრის გარდა ერთმანეთის გაცნობის საშუალებასაც გვაძლევს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. რაც შეეხება ბონუს დავალებებს, მათაც დროდადრო ვასრულებთ და დაუღალავაად ვშრომობთ საუკეთესო შედეგის მისაღებად.

სირთულეები: ჩვენს გუნდს საბედნიეროდ სერიოზული სირთულეები ჯერ არ ჰქონია. ერთადერთი რაც მთრგუნავს და მაწუხებს ისაა, რომ ხმის მიცემისთვის ჩემს პატაკს საკმარისი  მოწონებები ვერ შევუგროვე, რადგან არ ვარ აქტიური ფეისბუქ მომხმარებელი და ტექნიკური ხარვეზების გამო ვიქტორინაში ვერ ვასწრებ პასუხების დროულად დაფიქსირებას.

მიღწევები: მინდა გითხრათ, რომ ამ თამაშმა უკვე ძალიან ბევრი ცოდნა დაგვიგროვა და ხელში ჩაგვიგდო დიდი უპირატესობა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას  გარდა, ეს პროექტი დამეხმარა გამომეყენებინა ისეთი კომპიუტერული პროგრამები, რომლებიც მნიშვნელოვანია თუმცა აქამდე შეხება არ მქონია. მაგრამ ჩვენ მაინც ვთვლით, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა სხვა, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ინფორმირებაა კიბერდანაშაულზე.