კიბერდანაშაული დღევანდელი რეალობის განუყოფელი ნაწილია. მისი განმხორციელებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ასაკისა თუ სქესის ადამიანი. თავდასხმა ხორციელდება ვირტუალურად, ამიტომაც ბრძოლა უხილავ მტერთან გვიწევს. კიბერდანაშაული არ წარმოადგენს იშვიათობას, ამიტომ, ვფიქრობ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კიბერთავდასხმა ჩვენი ოჯახის ერთ-ერთ წევრზეც განხორციელებულა.
მოგითხრობთ ერთ-ერთ ქალაქში მომხდარი კიბერთავდასხმის შესახებ, რომელსაც ახლა პირობითად ბესინგაფუნს ვუწოდებ. ამისათვის მოგიწევთ ერთი ჩვეულებრივი, მზიანი დღისა და სოც-უზრუნველყოფის სააგენტოში მომუშავე ერთ-ერთი პერსონის წარმოდგენა ( საუბარია ჩვენს ოჯახის წევრზე), რომელსაც კონფიდენციალურობის მიზნით ამენოდ მოვიხსენიებ. ამენოსათვის ეს დღე არაფრით გამორჩეული იყო, ის მთელი მონდომებით ასრულებდა დავალებას, რომელსაც უფროსი მიცემდა. როცა თავისუფალი დრო გამოუჩნდა, სამსახურის კომპიუტერთან დაჯდა და სოციალური ქსელის დათვალიერება გადაწყვიტა. 5 წუთიანი ე. წ „სქროლვის“ შემდეგ მოხდა ისე, რომ ის აღმოჩნდა ერთ-ერთ ლინკზე, სადაც მან გვერდის მონაცემები შეიყვანა. ეს გვერდი სოც-უზრუნველყოფის სააგენტოს ეკუთვნოდა და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რაოდენ დიდი წინდაუხედაობა გამოიჩინა მან. ლინკიდან მთავარ გვერდზე მალევე დაბრუნდა, რადგან მან მისთვის საინტერესო ვერაფერი იპოვა. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ამენოსთან უფროსი მივიდა ახალი დავალებით, რომლის შესასრულებლადაც მას ოფისის დატოვება მოუხდა.
რამდენიმე საათის შემდეგ, ამენოს, რომელც სამსახურისაკენ გზას მიუყვებოდა, თვალწინ დაუჯერებელი სანახაობა გადაეშალა. დიდი რაოდენობით ადამიანი მისი ოფისის წინ შეჯგუფებულიყო, რაღაცას გაურკვევლად ყვიროდნენ, კარებზე ხელს მთელი ძალით ურტყამდნენ და ფანჯრებს ქვებს ესროდნენ. ამენო თვალებს ვერ უჯერებდა. მისი გაოცება კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც ხალხის სახეები მისთვის ნაცნობი აღმოჩნდა – ყველა სოციალურად დაუცველი იყო, რომლებთანაც მას არაერთხელ ქონია შეხება.
პოლიციის საქმეში ჩარევისა და გამოძიების შემდეგ ყველაფერი გაირკვა: ლინკიდან, რომელშიც ამენომ ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეიყვანა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განხორციელდა კიბერთავდასხმა და სოც-უზრუნველყოფის სააგენტოს გვერდიდან ყველა სოციალურად დაუცველს გაუგზავნეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც მათ გაუუქმდათ სოციალურად დაუცველის სტატუსი, რამაც ხალხში პროტესტის გრძნობა გამოიწვია. ამენოს კი შესაბამისი სასჯელიც დაეკისრა.
რა რჩევას მივცემდით თანატოლებს?
რჩევა ხომ მთლიანად ის ამბავია, რომელიც ჩვენ ახლახანს მოგითხვრეთ. და მაინც, არ ენდოთ უცხო და არასანდო გვერდებს, არ შეიყვანოთ მათში თქვენი პირადი მონაცემები, ხშირად გადაამოწმეთ ინფორმაცია, რომელსაც მოგაწვდიან, არ გაუგზავნოთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალური ქსელის საშუალებით არავის, რაოდენ ახლობელიც არ უნდა იყოს ის და გამოიჩინეთ წინდახედულობა და სიფრთხილე.