თაკო წურწუმია

სოციალურ ქსელებში,რომ მოზარდების მიმართ კიბერჩაგვრა,იგივე ბულინგი მიმდინარეობს ახალი ამბავი არ არის. ამიტომ ყოველგვარი შესავლის გარეშე მინდა გიამბოთ ამბავი,რომელიც ჩემს მეგობარ გ.კ.-ს გადახდა.
მე და გ.კ. დიდი ხანია მეგობრები ვართ. ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. ერთად ყოველთვის დიდ დროს ვატარებდით. თითქმის ერთად ვცხოვრობდით. ჩვენი ოჯახებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ, ამიტომაც ჩვენ ყველას, ერთმანეთთან უშუალო და თავისუფალი ურთიერთობა გვქონდა. გ.კ სკოლაში ბეჯითი მოსწავლე იყო. თითქმის არასდროს აცდენდა გაკვეთილებს. ერთ დღეს, სკოლაში დამაგვიანდა. კლასში შევედი, მასწავლებელს ბოდიში მოვუხადე დაგვიანებისთვის და, როცა ჩემი ადგილის დასაკავებლად წავედი, კლასს თვალი მოვავლე, გ.კ. ვერ დავინახე. ძალიან გამიკვირდა, რადგან გაცდენის შემთხვევაში ყოველთვის ვიცოდი ხოლმე მიზეზი.
ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა გაკვეთილი, რომ დამერეკა გ.კ.-სთვის და გამეგო, თუ რატომ გააცდინა გაკვეთილები. დრო ძალიან ნელა გადიოდა, გაკვეთილს ვერც ვუსმენდი, გამუდმებით გ.კ.-ზე მეფიქრებოდა, ასეთი რამ მას არ სჩვევია. გაკვეთილის შემდეგ დავურეკე, მაგრამ არ მიპასუხა. ამან უფრო დამაეჭვა და ამაფორიაქა. მივწერე, მაგრამ არც წერილზე არ მიპასუხა. ამიტომ გ.კ.-ს დედას დავურეკე. უჩვეულო ხმით მიპასუხა და მითხრა, რომ გ.კ. თავს შეუძლოდ გრძნობდა და ამიტომ არ მოვიდა სკოლაში. ვცდილობდი ამ პასუხით დავკმაყოფილებულიყავი, მაგრამ არაფრით არ გამომდიოდა. სკოლის შემდეგ სახლში მივაკითხე. კარი გ.კ.-ს ძმამ გამიღო. მე გ.კ.-ს ოთახში შევედი და მოვიკითხე. გ.კ ავადაც მინახავს, მაგრამ ასე მოკლედ და უემოციოდ არასდროს გაუცია ჩემთვის პასუხი. ვფიქროდი,იქნებ ახლა ბევრად უფრო ცუდად არის, ვიდრე ადრე ყოფილამეთქი, მაგრამ ის თვალებში არ მიყურებდა და თითქოს შიში უკრთოდა სახეზე. არ მინდოდა იმ დღეს ძალიან შემეწუხებინა კითხვებით, ამიტომ მისგან ადრე წამოვედი და გზაში გამუდმებით მისი სახე მედგა თვალწინ.
ასე გაგრძელდა კიდევ სამი დღე. გ.კ-ს ძმამ მითხრა, რომ ოჯახის წევრებს თავს არიდებდა, კარგად არ ეძინა და არც ნორმალურად იკვებებოდა. ოჯახი ფიქრობდა ფსიქოლოგისთვის მიემართათ, მაგრამ გ.კ.-ს ამაზე აგრესიული რეაქცია ჰქონდა, ამიტომ მშობლებმა თავი შეიკავეს ფსიქოლოგთან კონსულტაციისგან. ერთ დღესაც, სკოლის შემდეგ ისევ მივაკითხე გ.კ.-ს. ამ ჯერად არ ვაპირებდი უკან დახევას და მიუხედავად მისი შეცვლილი ხასიათისა და მანერისა, მაინც ვცადე დამეწყო საუბარი. ისევ მოკლედ მპასუხობდა, ხშირად ტელეფონს დაჰყურებდა.ვცდილობდი არ შემემჩნია და შუა საუბრისას დავინახე შეტყობინება მოუვიდა. შეკრთა, მზერა ვერ გამისწორა, ხელები ერთმანეთზე გადააჯაჭვა და თითებს იფშვნეტდა. საკმაოდ აღელვებული და შეშფოთებული ჩანდა. მიკვირდა ამდენი ხანი ჩუმად როგორ ძლებდა და, როცა შეამჩნია ჩემი დაჟინებული მზერა მის ჟესტებზე, ხმამაღლა ატირდა. ავიღე მისი ტელეფონი და სწორედ აქ აღმოვაჩინე გ.კ.-ს ასეთი ქცევის მიზეზი. ვიღაც, სრულიად უცნობი ადამიანი, დაფარული ნომრით, საშინელ შეტყობინებებს სწერდა. აღმოჩნდა,რომ ამ პიროვნებასთან რამდენიმე კვირის ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული ვირტუალურად. კიბერდამნაშავის მჩაგვრელი და მუქარით სავსე სიტყვებიდან გამომდინარე, შეშინებულმა გ.კ.-მ რამდენიმე პირადული ფოტო თავისი ხელით გაუგზავნა. ამის შემდეგ, ის შანტაჟზე გადავიდა და დროთა განმავლობაში შეტყობინებებით ცდილობდა დაეკნინებინა გ.კ. გ.კ. მიხვდა, რა შეცდომაც დაუშვა და ამიტომ ჩაიკეტა საკუთარ თავში, მას რცხვენოდა თავისი საქციელის და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.
ვთხოვე დაეიგნორებინა და დაებლოკა ეს ადამიანი. ვუთხარი,რომ მას შეეძლო გამხდარიყო გმირი, თუ ის ხმას ამოიღებდა და შეძლებდა სხვა ბევრი მოზარდის გადარჩენას, რომლებიც ასევე შესაძლებელია კიბერბულინგის მსხვერპლი გამხდარიყვნენ. ავუხსენი, რომ თუ ამ ამბის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებდა, შეძლებდნენ კიბერდამნაშავის პოვნას და დასჯას. რამდენიმე საათის საუბრის შემდეგ, მოვახერხე და დავარწმუნე გ.კ., რომ მისი ამბავი მოეყოლა სამართალდამცავებისთვის. ამის შემდეგ, ეს ამბავი გ.კ-ს ოჯახს შევატყობინე. მშობლებმაც არ დააყოვნეს და ბუნებრივია, მაშინვე მოახდინეს რეაგირება. გ.კ.-მ იგრძნო ჩვენი მხარდაჭერა, როგორც მეგობრის, როგორც ოჯახის წევრების და, სწორედ ჩვენი გვერდში დგომით, ის მოძლიერდა ფსიქოლოგიურად და მზად იყო, გამხდარიყო გმირი და თავის თანატოლები გადაერჩინა მსგავსი თავდასხმისგან. ჩვენ არ გავჩუმდით! ჩვენ დავარქვით დანაშაულს დანაშაული და მოვითხოვეთ სამართლებრივი პასუხი.